პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს

348

2 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომიტეტების ფარგლებში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

“შემოსულობების ნაწილი 349 მლნ. ლარით იზრდება. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, შემცირებულია სესხის აღების მაჩვენებელი – 150 მლნ. ლარით ნაკლებს ავიღებთ. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია. დეფიციტი ნომინალურ გამოხატულებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდიდან გამომდინარე პროცენტული მაჩვენებელი 6.9 % – დან მცირდება 6.7 % -მდე. საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ. ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამში იზრდება 297 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 976 მლნ. ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საბიუჯეტო დაფინანსების მატება სამი ძირითადი მიმართულებით ხდება. ესაა – ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება. კაკაურიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს 376 მლნ. ლარი ემატება და სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. დაფინასების ზრდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებით არის გამოწვეული.

თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 60 მლნ. ლარით იზრდება, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები 16 მლნ. ლარით იზრდება და ჯამში, 236 მლნ. ლარით განისაზღვრება.