პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირას სესიაზე განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, რაც ინფლაციის შემცირებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
“ჩვენი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8%-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში პირვანდელი სახით, ცვლილებების გარეშე დაბრუნდა. „რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, ნომინალში მშპ 79,6 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.8%-ით იგეგმება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხდომაზე ითქვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო პროცესი დეკემბერში, ბიუჯეტის დამტკიცებით დასრულდება.