საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

330

2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების გადამუშავებული ვერსიაში დაზუსტებულია ფისკალური, ხოლო მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებულია პირველი ვერსიის დონეზე, გარდა მთავრობის ვალისა,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაზუსტებულია მთავრობის ვალი 2022 წლისათვის და იგი განისაზღვრება მშპ-ს 39.5%-ით (ნაცვლად წინა ვერსიით განსაზღვრული 39.6%-ისა). კიდევ ერთი ცვლილება, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხება, კერძოდ, შსს სამინისტროსთვის დაფინანსება დამატებით 27, 5 მილიონით იზრდება სახანძრო მანქანების შესაძენად.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კვლავაც უნდა გააგრძელოს მუშაობა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირების, ხოლო ეროვნულ ბანკთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიუროს მუშაობა ინფლაციის შემცირების მიმართულებით, რაც კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია და დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე.

დღეს კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს და კომიტეტმა წარდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.