საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.
კომიტეტის წევრებს ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
„შემოსულობების ნაწილი იზრდება 349 მლნ. ლარით. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, გვაქვს სესხის აღების მაჩვენებელი შემცირებული და 150 მლნ. ლარით ნაკლებს ავიღებთ. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია. დეფიციტი ნომინალურ გამოხატულებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდიდან გამომდინარე პროცენტული მაჩვენებელი 6.9 %-დან 6.7 %-მდე მცირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ. ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამში იზრდება 297 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 976 მლნ. ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებელმა ყურადღება იმ სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, სადაც ხდება დაფინანსების დამატება. ესენია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება.
მომხსენებლის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ემატება 376 მლნ. ლარი და სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. კაკურიძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულების დაფინანსების ზრდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებით არის გამოწვეული.
თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 60 მლნ. ლარით. ხოლო, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები იზრდება 16 მლნ. ლარით და ჯამში 236 მლნ. ლარით განისაზღვრება.
საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.