აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს

911

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ლევან ვარშალომიძის განცხადებას აჭარაში განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

“როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რეალურად დაინახეს, რომ აღნიშნული პროექტები ხორციელდება და მათი გააქტიურება სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს-სტადიონის მშენებლობას. პროექტი მზადდება და ის დასრულების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. მინდა შევახსენო კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს, რომ თითოეულ პროექტზე კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა უკვე არსებობს და არათუ ხუთი, არამედ აჭარაში არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, ბათუმის ესტაკადა,რომლის მშენებლობა დაახლოებით 3 თვეში დაიწყება, მთის გაზიფიცირების პროექტი,ბათუმის სასპორტო სკოლა,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, იცით რომ უახლოეს პერიოდში გმირთა ხეივანში 3 ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ქონების პრივატიზებას ვგეგმავთ,რომლის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 80 მლნ ლარი იქნება და ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პროექტების, რომელსაც რეგიონში ვახორციელებთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და მალე აჭარაში დამატებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება”,- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარაში განუხორციელებელი პროექტების ფოტოები მიიტანეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გონიოს ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ლევან ვარშალომიძემ ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი