მთავრობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისთვის დაფინანებას თითქმის აორმაგებს და ეს იმ პირობებში, როცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარია ათვისებული. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაფინანსება 30 მილიონით გაიზარდა და 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე თითქმის 2-ჯერ მეტია. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ხაზინის მონაცემების მიხედვით, წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტიდან (69 მილიონი) მხოლოდ 35 მილიონი ლარია ათვისებული.
2019 წლის ბიუჯეტით, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც და ის 18 მილიონს შეადგენს. ეს მაჩვენებელი, მიმდინარე წლის გეგმას 2-ჯერ და მეტად აჭარბებს, თუმცა რეალური ათვისება ამ შემთხვევაშიც დაბალია. წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებული 8,2 მილიონი ლარიდან, ბოლო მონაცემებით პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ 5 მილიონია დახარჯული.
ამასთან, გადამუშავებული ვერსიით, 10 მილიონი ლარით იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისთვის მომავალ წელს 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ასევე, გადამუშავებული ვერსიით 34 მილიონილარით იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის გამოიყოფა 10 მილიონი ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვა ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე იგეგმება.