თბილისში, სავარაუდოდ, მწვანე ფერის ავტობუსები იმოძრავებენ

2077

წინა სტატია

1 ნოემბერს თბილისის მერიამ ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვა დაიწყო, მერია მოქალაქეებს ავტობუსის ფერის შერჩევისას მწვანესა და ვერცხლისფერს სთავაზობდა. გამოკითხვა, დაახლოებით, 12 საათის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა  27 ათასამდე მცხოვრებმა მიიღო.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მწვანე ფერის ავტობუსი, დაახლოებით, 17 ათასმა, ვერცხლისფერი კი 10 ათასამდე ადამიანმა აირჩია.

თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე კვირის წინ, ავტობუსების ფერის შესარჩევად, მიუნხენში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი გამოცხადდება.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.