„დიდი სოფელი იყო გონა. 300–მდე ადამიანი ცხოვრობდა იქ. ძვირფასეულობის მაღაზიაც კი გვქონდა. გონაში 25 წელია აღარავინ რჩება ზამთარში. ზაფხულშიც მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ იქ. სოფლამდე მისასვლელი გზა არ ვარგა. ხიდიც ისეა მოშლილი, ზამთარში კი არა, ზაფხულშიც ძლივს გავდივართ. არადა, ისეთი სოფელია, ტურისტები რომ მოდიან, წასვლა აღარ უნდათ. ყველას უკვირს, ასეთი ლამაზი სოფელი ასე უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული,“ – ამბობს ირინა გობეჯიშვილი.
სოფელი გონა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, რუსეთ–საქართველოს საზღვართან ახლოს, მდინარე ჩვეშურის ნაპირზეა. სოფელი ზღვის დონიდან 1680 მეტრზეა. ქალაქ ონიდან 39 კილომეტრით არის დაშორებული. ონის მუნიციპალიტეტში 64 სოფელია.
გონაში ერთადერთი ოჯახიღაა რეგისტრირებული, ამ ოჯახშიც ორი წევრია: 59 წლის ირინა და 66 წლის გია გობეჯიშვილები.
„დიდთოვლობისა და უგზოობის გამო ზამთარში მე და ჩემი ქმარი ონში ჩამოვდივართ. ტრაქტორი სოფელთან მისასვლელ გზას რომ წმენდდეს, გონაში დავრჩებოდით, იქ გვირჩევნია ყოფნა. წასვლა-წამოსვლა დიდი ხარჯია. აქ რომ მოვდივართ, საქონელიც თან მოგვყავს. დენი, როგორც იქნა, ჩვენს სოფელშიც გამოიყვანეს, მაგრამ გზა და ღებსა და გონას დამაკავშირებელი ხიდი ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამიტომაც იცლება სოფელი“, – უთხრა „მთის ამბებს“ ირინა გობეჯიშვილმა.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 589 ადამიანით შემცირდა: სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ონის მუნიციპალიტეტში 7139 ადამიანი ცხოვრობდა, 2017 წლის პირველი იანვრისთვის კი – 6550.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან სამში – ჭიბრევში, სხიერსა და ჭოის უბანში აღარავინ ცხოვრობს, 22 სოფელში კი 1-დან 10-მდე კომლია დარჩენილი. სამთისში, ფსორში, სხნარში, შრომისუბანში, ხეითში, ბოყვაში, ჭვებარსა და გადამში მუდივად 2-4 კომლი ცხოვრობს, ძირითადად მოხუცები.
ირინა იხსენებს, რომ მის ბავშვობაში ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სკოლა ჰქონდა, რომელიც მოსწავლეებით იყო სავსე. ახლა კი, ოფიციალური მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის. 2016 წელს ონის მუნიციპალიტეტში სულ 36 ბავშვი დაიბადა.
წყარო: მთის ამბები