ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვით ორგანიზაციას “მწვანე ალტერნატივა”-ს პასუხობს, რომელმაც EBRD-ს 8 სარჩელით მიმართა. ინფორმაციას EBRD-ი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
EBRD-ის ცნობით, “მწვანე ალტერნატივა”-დან შესული 8 სარჩელიდან 7 უარყჰო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამოუკიდებელმა შეფასებამ უგულვებელჰყო გარემოსდაცვითი ჯგუფის „მწვანე ალტერნატივა“-ს მიერ წამოწეული საკითხების უმრავლესობა, როგორც „საკმარისი საფუძვლის არმქონე“.
“2014 წელს ევრობანკის დირექტორთა საბჭომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის ფინანსირებისთვის 80 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხი დაამტკიცა. დარიალის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 510 მგვ/სთ მოცულობის წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება. სადგურმა ფუნქციონირება 2017 წლის აპრილში დაიწყო. დამტკიცებამდე, ევრობანკის პროცედურების შესაბამისად, პროექტმა გაიარა საგულდაგულო შემოწმება, რომელიც მოიცავდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დეტალურ განხილვას.
„მწვანე ალტერნატივამ“, ევრობანკის პროექტის გასაჩივრების მექანიზმის ფარგლებში, საჩივარი შეიტანა პროექტის წინააღმდეგ, ითხოვდა რა პროექტის შესაბამისობის შეფასებას ევრობანკის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან და ამტკიცებდა, რომ ევრობანკი, პროექტის დაფინანსებაზე დათანხმებით, საკუთარივე მოთხოვნების წინააღმდეგ წავიდა. ევრობანკის წესების შესაბამისად, გამოიყო სპეციალური დამოუკიდებელი ექსპერტი ბრალდებების განსახილველად, რომელმაც, დეტალური გამოძიების შემდეგ, „მწვანე ალტერნატივა“-ს 8 სარჩელიდან 7 უარყო,” – წერია EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EBRD-ის თანახმად, პროექტის განხილვის მექანიზმის ანგარიში აღნიშნავს, რომ იყო მცირე შეუსაბამობა ევრობანკის 2008 წლის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან. ანგარიშში გარკვევითაა მოხსენიებული, რომ მოსარჩლის მიერ წამოწეული საკითხები ევრობანკმა პროექტის განხილვის ეტაპზევე შეაფასა. ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში ნათქვამია, რომ ტექნიკური შეფასების დასკვნა უნდა ყოფილიყო არამხოლოდ შიდა განხილვის პროცესის ნაწილი, არამედ უნდა შესულიყო პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შეფასების ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა საჯარო კონსულტაციისთვის. ევრობანკმა მიიღო ეს რეკომენდაცია და შეიმუშავა ზომები იმისთვის, რომ სამომავლოდ უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტის საჯაროობა.
ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ცნობით, პროექტის გასაჩივრების მექანიზმის რეკომენდაციების შესაბამისად, ევრობანკი აგრძელებს დარიალის პროექტზე მუშაობას გარმოსდაცვით და სოციალურ ასპექტებზე, მათ შორის, მდინარის ნაკადსა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოქვეყნებაზე.
“დარიალმა შეიმუშავა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, რათა შეესაბამებოდეს ევრობანკის მოთხოვნებს, რომლებიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით. სამოქმედო გეგმის მიხედვით, დარიალი უზრუნველყოფს ინფორმაციის მუდმივ საჯაროობას ადგილობრივი მოსახლების აქტიური ჩართულობის ფონზე.
ევრობანკი გააგრძელებს დარიალის გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის დანერგვისა და ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროექტის სრული ძალით ამუშავებამდე, 2017 წლის აპრილში, გაიმართა საჯარო შეხვედრებიც.
ევრობანკი სრულად უჭერს მხარს დარიალის პროექტს, რომელიც საქართველოში, და ევრობანკის მოქმედების უფრო ფართო არეალშიც, ჰიდროელექტროსადგურების შენებისა და ფუნქციონირების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. სხვა ყველაფერთან ერთად, დარიალის პროექტი მსოფლიოში პირველი ნახშირბად-ნეიტრალური პროექტია. პროექტის ნაწილია ტყეების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ნახშირბადის ჩაჭერას და სასათბურე გაზების გამოყოფის დაბალანსებას. ” – წერია EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“დარიალჰესი” 8 აპრილს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტის განხორციელებით ქვეყნის ეკონომიკაში 123 მილიონი ამერიკილი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ჰესის მშენებლობის პროცესში 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი აქ 70 ადამიანი მუდმივად დასაქმდება და მათი 80% ადგილობრივი მკვიდრი იქნება. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დარიალიჰესის ქონების გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტს 2,5 მილიონი დარჩება