მერიის სხდომათა დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე, სადაც მერის მოვალეობის შემსრულებელს ანგარიში უნდა წარედგინა, დევნილი თეონა ქარდავა მაიზერ ნანავას დაუპირისპირდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თეონა ქარდავა მერიის სხდომათა დარბაზში იძულებით გადაადგილებულ რამდენიმე პირთან ერთად მივიდა და პროტესტის ნიშნად იატაკსა და მაგიდაზე პოლიეთილენის ბრეზენტები დაყარა. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე არ გადაუხურავთ.
შეგახსენებთ, რომ კახათის დევნილთა დასახლებაში ქარმა შენობას სახურავი შარშან გადახადა და მერიამ სტიქიის დროს გადახდილი სახურავის ნაცვლად, მოსახლეობას დროებითი ღონისძიების სახით გადასახური პარკები დაურიგა. თეონა ქარდავას თქმით, მერიამ დასცინა დევნილებს მაშინ, როცა ეს პარკები მიუტანა, სინამდვილეში კი დღემდე აწვიმთ.
მაიზერ ნანავამ თეონა ქარდავას განცხადებას თავხედობის პიკი “ევერესტი“ უწოდა. მისი თქმით დევნილები სხდომის დაწყებაში ხელს უშლიდნენ და დაცვას მიმართა, რათა ამ ადამიანებს დარბაზი დაეტოვებინათ.
“გაიყვანეთ ეს ქალი აქედან, ეს თავხედი”, – ასე მიმართა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მოქალაქე თეონა ქარდავას.
საბოლოოდ თეონა ქარდაავამ შეხვედრა დატოვა.
“ზუგდიდის მოსახლეობის 95% ინტელექტია, 5% გიჟი, რა ვქნათ ყველგან არიან, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები, რომ მათ ვუმკურნალოთ”, – განაცხადა ნანავამ მოქალაქე თეონა ქარდავას მისამართით.