დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულებაზე და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მომავალი წლისთვის წარმომადგენლობითი ხარჯების 1 მილიონი ლარით შემცირება დაანონსა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ბიუჯეტი 726 ათასი ლარით მცირდება, შრომის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება პრიორიტეტებს მომდევნო წლისთვისაც მთავარი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტებია.
მისივე თქმით, 10 მილიონი ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება. თანხები ემატება ჯანდაცვის პროგრამებს და ჯამში უწყების ბიუჯეტი 17 მლნ 700 000 ლარით განისაზღვრა. ამასთან, გაიზრდება განათლების მიმართულებით დაფინანსება.
საერთო ჯამში აჭარის რეგიონის ფინანსური დოკუმენტი 217 641 200 ლარი იქნება. მინისტრის განცხადებით ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 11 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
ამასთან, მინისტრმა მიმოიხილა 2018 წლის დოკუმენტის შესრულება. 9 თვის მონაცემებით ბიუჯეტი 93 %-ითაა ათვისებული.