გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

850

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 15 მილიონი ლარის ღირებულების, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჯამში 50-მდე მსხვილი და მცირე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის 70%-ი უკვე დასრულებულია.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 13 სოფელში, უკვე დასრულებულია შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ჯამში 35 კილომეტრამდე რეაბილიტირებულ გზას მოიცავს. ასევე, რამდენიმე დღის წინ გზის მშენებლობის პროცესი დასრულდა სოფელ მუხრანთელეთშიც, სადაც ამ დროისათვის საგზაო ნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა, სამშენებლო კომპანია შპს „იბერიმ“ 324 699 ლარად შეასრულა.

ამასთან, სოფელ ზემო თელეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია, სადაც ამ დროისათვის უკვე მოპირკეთდა გარე ფასადი და დამონტაჟდა თანამდეროვე ტიპის კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა შიდა ინტერიერი და მიმდინარეობს გათბობის სისტემისა და სველი წერტილების მონტაჟი. აღნიშნულ ბაღზე, რომელიც რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, მუნიციპალიტეტი 338 193 ლარს ხარჯავს. ჯამში კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 23 საჯარო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ამ დროისათვის, უკვე დასრულდა სოფელ კალინინოს, ბირლიკის, თაზაქენდისა და ბოტანიკას ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, კომბინირებული, ხელოვნურ საფარიანი, მინისტადიონიოს მშენებლობა. სოფელ თელეთში კი სულ რამდენიმე დღის წინ იდენტური სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ ეტაპზე ადგილზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კვადრელი“ ასრულებს. კომბინირებული სტადიონის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 142 904 ლარი გაიწერა.

ასევე, 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქ. გარდაბანში მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვა მიმდინარეობს, რომელსაც შპს “ბერმუხა“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 185 581 ლარით ახორციელებს. ქ. გარდაბნის 4 მრავალსართულიან კორპუსში, ინტენსიურად მიმდინარეობს 14 მოძველებული ლიფტის კაბინის ახლით ჩანაცვლება, რაზეც ადგილობრივი თვითმართველობა 800 000 ლარს ხარჯავს.

მერიის ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს ქ. გარდაბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გალავნის, მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასების და ქვეითად მოსიარულეებისთვის საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „New Georgia” ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 965 ლარი გაიწერა.