რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა “ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა “ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მერიის ცნობით, 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში 2 ბუნებრივსაფარიანი და 2ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ამასთან, დამონტაჟდა ინდივიდუალური განათების სისტემა, რომელიც 3 მოედანს მოემსახურება. მათივე ინფრმაციით, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე 2 შენობა განთავსდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, აკადემიაში პირველ ეტაპზე 60 ბავშვი იცხოვრებს. მერიის განმარტებით, მათთვის აღნიშნულ კომპლექსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. მოზარდებისთვის მოეწყო საძინებელი ოთახები და გასართობი კუთხე.
ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და უსაფრთხოების ოთახია განთავსებული. აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, კომპლექსი სრულად გამწვანდება – მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება.
კომპლექსის მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები.
აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, ისე ამხანაგური მატჩების გამართვა”, – აცხადებენ მერიაში.
პროექტის სრული ღირებულება, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს.