ISFED: ხულოსა და ფოთში თანამდებობის პირების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს

1154

დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

“სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხულოსა და ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს.

“საანგარიშო პერიოდში, ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით აკრძალულია საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები. აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნული გადაწყვეტილების საკუთარი ნებით მიღებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მესამე შუალედურ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან 11 ოქტომბერს გადადგა, ხოლო, ხულოს მერი გოჩა მელაძე ზუსტად 8 დღის წინ, შვებულებიდან დაბრუნდა, მისი პირველი მოადგილის ლაშა ბოლქვაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა, ახალი მოადგილე დანიშნა, შემდეგ კი დაკავებული პოსტი თავადაც დატოვა.  ის უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. მის მოვალეობას ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე შეასრულებს.

კვლევის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.