საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
სამშენებლო ტენდერი 2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა და 9 ნოემბერს გაიხსნება. სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი.
“კასპის ტექნოპარკში, ისევე როგორც თბილისის ტექნოპარკში, ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა, ტექნოლოგიებზე: 3D პრინტერებზე, სხვადასხვა დაზგებზე, ყველა იმ აღჭურვილობაზე, რომლითაც იქნება აღჭურვილი ტექნოპარკი. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა, როგორც საგრანტო დაფინანსებაში მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იქნება კასპში, მათ არ მოუწევთ ჩამოსვლა თბილისში, ეს იქნება ის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური განათლების და განვითარების ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, კასპში ახალ სასწავლო წელს 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა გაიხსნება. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.