უკან საბჭოთა კავშირში: საქართველოს 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი ჩამოერთმევა

963

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობით არის გამოწვეული.  მავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ქვეყანას ძვირად დაუჯდება.

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აკრიტიკებენ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც საქარველოს 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსის გაუქმება ემუქრება.

“ეს  უკან გადადგმული ნაბიჯია”, – აცხადებენ ექსპერტები.

თუ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილება ძალაში შევა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღარ ექნება ამბროლაურს, ახალციხეს, გორს, ზუგდიდს, თელავს, მცხეთასა და ოზურგეთს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მის მაცხოვრებლებს ანიჭებს უფლებას, აირჩიონ მერი, დამოუკიდებლად შეიმუშავონ და მართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მართონ ადგილობრივი გადასახადები.

მმართველი გუნდი (ქართული ოცნება) ცდილობს შეცვალოს წესები და დააბრუნოს ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა 2014 წლამდე არსებულ ვითარებაში. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, აერჩიათ მერები და გამგებლები.  2012 წელს ივანიშვილის კოალიცია, რომელიც ამ პერიოდში ოპოზიციაში იმყოფებოდა, კატეგორიულად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას სუსტი თვითმმართველობის სისტემისათვის და პირობა დადო, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, მეტი თავისუფლება მიეცემოდა  რეგიონებს. სწორედ ეს იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული ერთ-ერთი დაპირება.

დღეს საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია. თუ “ქართული ოცნების” ინიცირებული ცვლილება ამოქმედდება, მხოლოდ ხუთი თვითმმართველი ქალაქი დარჩება (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი).

ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების მსგავსად, ეს რეფორმაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. თუ საქართველოს პარლამენტმა  ამ ცვლილებების მიღება შეძლო, მაშინ არჩევნები ახალი წესით გაიმართება.

მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა მოხდეს სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება,  შემდეგია:

  • ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მათი ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც  მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს;
  • სახელმწიფო მოხელეების განცხადებით, შემოსავლების ზრდა არ ყოფილა, შემცირდა ხარჯების ეფექტურობა, ხოლო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა;
  • 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ხელფასების სახით 10 მილიონი ლარი (4 მილიონზე მეტი აშშ დოლარი) გამოიყო.

რეგიონული განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ ხარჯების შემცირება არანაირად არ იმოქმედებს მუნიციპალიტეტების ფინანსურ მდგომარეობასა და დამოუკიდებლობაზე. პირიქით, ეს თანხები უფრო ეფექტურად დაიხარჯება. სამინისტრომ უკვე მოუწოდა აღნიშნული ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, მხარი დაუჭირონ ინიციატივას.

ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტებზე ზეწოლას ახორციელებს და მოუწოდებს მათ, მთავრობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ.

ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის, კოტე კანდელაკის თქმით, როგორც მათთვის ცნობილი გახდა, საკრებულოების წარმომადგენლები 2-3 დღით ადრე დაიბარეს თბილისში და მისცეს მითითება, რომ მხარი დაეჭირათ სამინისტროს ინიციატივისათვის.

გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “მთავრობის ინიციატივა, რომელიც შემუშავდა ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე,  საბჭოთა დროის ტერიტორიული სტრუქტურის აღდგენას ემსახურება.”

რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა უკვე დაუჭირეს მთავრობის ინიციატივას მხარი, რასაც საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა ოზურგეთის საკრებულოში ყვავილების გვირგვინი მიიტანეს, როგორც სიმბოლო საქართველოში თვითმმართველობის სიკვდილისა.

მთავრობის ინიციატივას  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაუპირისპირდა. მის თქმით, ეს არის ცენტრის დაუსაბუთებელი უნდობლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

“რატომ ვაუქმებთ თვითმმართველობას? იმიტომ, რომ ის ძვირი ჯდება? არა, ბატონებო, ეს ცვლილება უფრო ძვირი დაგვიჯდება. როდესაც ქვეყანა ცენტრიდან იმართება, შეცდომების დაშვების შანსი უფრო მეტია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ექსპერტთა უმრავლესობა და ოპოზიციის წარმომადგენლები ზემოხსენებულ ცვლილებებს უკან გადადგმულ  ნაბიჯად აფასებენ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი ლევან ალაფიშვილი თამამი ინიციატივით გამოდის. მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, წინსწრებით დანიშნოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, რათა მმართველმა გუნდმა ვერ მოახერხოს საკუთარი ინიციატივის კანონად ქცევა.

“მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. ეს, ალბათ, ერთი და ერთადერთი შანსია, შეჩერდეს დემოკრატიის დაკნინების ეს მავნე პროცესი “, – განაცხადა ალაფიშვილმა.

წყარო : JAMNEWS