რეზონანსი: სოფლების შემდეგ საქართველოში პატარა ქალაქები ცარიელდება

1813

საქართველოს ქალაქების უმეტესობა ფუნქციას კარგავს. თითქმის ყველა მათგანი, რომელიც ინდუსტრიული ზონა, ან ტურისტული ცენტრი არ არის, მოსახლეობისგან იცლება. ქვეყანაში ასეთი რეალობაა – არათუ სოფლებიდან გარბის ხალხი, არამედ პატარ-პატარა ქალაქები თვალსა და ხელს შუა ცარიელდება. ინფორმაციას რეზონანსი ავრცელებს.

ბევრ ქალაქში, როგორიცაა ტყიბული, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, ჩოხატაური, სენაკი, ხობი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ხონი, ცაგერი, დმანისი, წალენჯიხა და სხვა, ხალხს უკიდურესად უჭირს. არის ქალაქები, სადაც, ფაქტობრივად, 60 წლის წინანდელი ვითარებაა.

ოდნავ უკეთესი ვითარებაა სამტრედიაში, რომელიც დღესაც რკინიგზის კვანძად ითვლება. ზუგდიდი სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრია და იქ ხალხი მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრობს. მესტიას ტურისტული ნიშა უჭირავს და ადგილობრივებს თავის რჩენა სეზონურად მაინც შეუძლიათ. კახეთი მეღვინეობის მხარეა და მისი ქალაქები, სხვებისგან განსხვავებით, ვითარდება. საჩხერეს ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის პროექტებმა შესძინა და ვითარება სტაბილურია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში პატარ-პატარა ქალაქები მასობრივად დაიცლება. სოციოლოგ პაატა აროშიძის განცხადებით, ეს პროცესი დაწყებულია და მალე ვითარება ამგვარ დასახლებულ პუნქტებში უკიდურესად დამძიმდება.

ამდენად, უფუნქციოდ დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობა ქმნის საფრთხეს, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს ემიგრაციაში წასვლა. დემოგრაფ ავთო სულაბერიძის აზრით, სოფლებზე მეტად მოსახლეობის დაცლის საფრთხე პატარა ქალაქებს ემუქრება.