საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა მიშველაძე გამოეხმაურა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას.
“პირველ რიგში, შეგახსენებთ თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას. საქართველოს პარლამენტმა ქარტიის რატიფიცირება მოახდინა 2004 წელს. ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა. ევროპაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო და საითკენაც მივისწრაფით ჩვენ, თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, ვინაიდან თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი