“TV 25-ის” ინფორმაციით ხულოს მერიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობათ, რომ მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს. გოჩა მელაძე ერთი კვირაა, რაც სამსახურში არ გამოცხადებულა და მის მოვალეობას ახლა მოადგილე ლაშა ბოლქვაძე ასრულებს. თავად გოჩა მელაძე “TV 25-ის” სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.
ხულოს მერიის პრესსამსახურა და იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ გოჩა მელაძე 31 ოქტომბრამდე კუთვნილ შვებულებაშია. კანცელარიის მიერ მიწოდებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გოჩა მელაძე 15 დღით ანაზღაურებად შვებულებაშია.
გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი მოადგილე. ლაშა ბოლქვაძის თქმით, მოვალეობას ახლა თვითონ ასრულებს და მელაძის გადაწყეტილების შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია.
პროცედურების მიხედვით, ხულოს მერის თანამდობობიდან წასვლის შემთხვევაში. მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ხულოში, ახალი მერის არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ახალ მერს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვადის ამოწურვამდე ექნება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე მერის უფლებამოსილებას კი მისი მოადგილე შეასრულებს.