ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

696

წინა სტატია

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება.

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის 144 ჰექტარი აღდგინეს, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

“გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური შესწავლები, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს.

პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.