ადიგენში, დერცელსა და კიკიბოსთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს ვერ დაიწყება. გზის პროექტი მზად არის, თუმცა მერიას მის განსახორციელებლად თანხა არ აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შპს „ჯეოროუდმა“, დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის პროექტზე მუშაობა დაასრულა და ადიგენის მერიას გადაუგზავნა, თუმცა, პროექტი ჯერ ტენდერზე არ დაუდიათ.
პროექტის, მიხედვით ახალი გზა 350 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა და ამისთვის 470 000–ლარამდე დაიხარჯება. ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ გზის მშენებლობის დასაწყებად მუნიციპალიტეტს სახსრები არ აქვს: “ამხელა თანხა ჩვენ ბიუჯეტში არ გვაქვს, ამიტომ მოგვიწევს ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვოთ დახმარება, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდია და თანხას ვერ გამოყოფენ. ამიტომ თანხის ძიებას ჩვენც არჩევნების შემდეგ დავიწყებთ“, – ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.
მისი თქმით, იმის გამო, რომ დაზამთრებამდე გზის მოწყობა ვერ მოესწრება, დამეწყრილ მონაკვეთს დროებით გაამაგრებენ: “მარტის მერე აქ მიწა აღარ ცოცავს. მაშინ არის საფრთხე, როცა თოვლი დნება, ამიტომ დროებით გადავასწორებთ დამეწყრილ მონაკვეთს“.
შეგახსენებთ, რომ დერცელის და კიკიბოს გზაზე მეწყერი 26 მარტს ჩამოწვა. მეწყერი გზის კიდევ ოთხ მონაკვეთზეა გააქტიურებული. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, გზის ეს მონაკვეთი აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახალი, გზის გაყვანა. სწორედ ამიტომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ახალი გზის პროექტზე დაიწყო მუშაობა, თუმცა საპროექტო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშლა.