ადიგენის სოფელ არალში 2015 წელს დაწყებული სკოლის მშენებლობა დასრულდა

1196

წინა სტატია

ადიგენის სოფელ არალის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დასრულდა. ახალი შენობა ხვალ, ცხრა ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

არალის სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ შენობაში ინვენტარიც ახალი ექნებათ: “ხვალ, 12:00 საათზე გვაქვს გახსნის ცერემონია. ერთი კვირაა ვემზადებით გადმოსასვლელად. მშენებლებმა ყველაფერის გაკეთება მოასწრეს. გარე სამუშაოებიც და სპორტული დარბაზის მშენებლობაც დასრულდა“.

ახალ სკოლაში 139 მოსწავლე ისწავლის.

არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “Civil Construction” ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა. საბოლოოდ, სამშენებლო სამუშაოები კომპანია Rooms–მა დაასრულა.

პირველი ტენდერის მიხედვით, არლის საჯარო სკოლის მშენებლობის ღირებულება 1 698 000 ლარით განისაზღვრა, მეორე ტენდერის დროს კომპანიამ მშენებლობის დასასრულებლად 540 000 ლარი დახარჯა.

არალის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ორსართულიან კორპუსში სულ 13 საკლასო ოთახია. შენობის ფართობი 2 848 კვ.მ–ია. მის შემადგენლობაში შედის ასევე – 306 კვ.მ მქონე სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები სოფელში არსებულ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამრევლო სკოლების შენობებში იყვნენ გადანაწილებული.