არალში ახალაშენებული სკოლა ისე ინგრევა, მასში სწავლა ვერ განახლდა

1093

ადიგენში, სოფელ არალში, ახალაშენებული სკოლის შენობა ისე ნადგურდება, რომ შენობაში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა. მოსწავლეები კი, სამი წელია, ნათხოვარ, ავარიულ შენობებში, ორ ცვლაში სწავლობენ.

არლის ახალ, თუმცა, სანახევროდ აშენებული სკოლის ეზოში კედლებიდან ჩამოცვენილი აგურები ყრია. უმინებლო ფანჯრებიდან წვიმას ოთახებში შეუსხამს და ლამინატი ადგილ–ადგილ აბერილა;

ეზოში სამშენებლო მასალა ყრია, იქვე, პირუტყვისგან დაბინძურებული ადგილები ჩანს და შიგადაშიგ, ეზოში მობალახე ძროხებსაც ვხვდებით. სკოლა, რომლის მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და მშენებელის გარდაცვალების გამო შეწყდა, ნადგურდება.

ამასობაში კი, არლის საჯარო სკოლის 128 მოსწავლე და 26 მასწავლებელი, ტავს ნათხოვარ შენობებში აფარებს. არლის სკოლას დროებითი ფართი სოფლის კათოლიკურ და მართლმადიდებულ ეკლესიებთან არსებულ სამრევლო სკოლების შენობებში გამოუყვეს. სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს, მოსწავლეების ნაწილი ერთ, ნაწილი კი მეორე შენობაში სწავლობს, მასწავლებლებს კი გაკვეთილების ჩასატარებლად სირბილი უწევთ. არალში შემცირებულია საგაკვეთილო საათებიც.

„ხედავთ რა სივიწროვეში ვართ?! მასწავლებელსაც და მოსწავლესაც სუფთა ჰერი სჭირდება, ნახჟიროჟანგს ვსუნთქავთ. არ შეგვიძლია ისეთი გაკვეთილების ჩატარება, რომელზეც თვალსაჩინოებას გამოვიყენებთ. ხშირ შემთხვევაში ძალიან მშრალად მიდის გაკვეთილების სწავლება. საკმარისი ფართი არ გვაქვს და ყველაფერი სახლებშია დასაწყობებული“, – გვეუბნება მათემატკის მასწავლებელი თამარ მათოშვილი.

განსაკუთრებით რთულია იმ მოსწავლეების და მასწავლებლების მდგომარეობა, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სკოლის შენობაში სწავლობენ. შენობა ავარიულია –კედლები დამსკდარია, კიბე კი, რომლითაც სკოლაში შედიან, დაზიანებული.

„გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. შეიძლება ერთბალიანი მიწისძვრა იყოს და შენობა დაინგრევა. კედლები ისეა დახეთქილი, რომ ხელი შეეტევა“, – ამბობს მათემატიკის მასწავლებელი გიორგი ტატალაშვილი.

თამარ ჩანტლაძე არლის სკოლაში ფიზკულტურას ასწავლის, ამბობს, რომ სპორტული დარბაზის არქონა განსაკუთრებით ძნელია: „ნეტა მოსულიყავით და გენახათ სად ვატარებ გაკვეთილს, დარბაზი არ გვაქვს. ეკლესიის ეზოებში გვიკრძალავენ შესვლას. ჩვენ თვითონაც უხერხულად ვართ, ყვავილია დარგული და არ დავაზიანოთ, გარდა ამისა სარემონტო სამუშაოებია და სახიფათოა. ზამთრის პერიოდში კლასში ვუტარებ გაკვეთილს“.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესისთვის ყველა საჭირო მასალა და ინვენტარი აქვთ და სკოლის მშენებლობის დასრულებას ელოდებიან, რომ ყველაფერი განათავსონ. ინვენტარის ნაწილი უდის საჯარო სკოლაშია, ნაწილი კი მშენებარე სკოლის სარდაფში.

სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე ირწმუნება, რომ მიუხედავად სირთულეებისა, პროცესი სწავლის ხარისხზე არ აისახება, თუმცა დისკომფორტია, როდესაც პედაგოგს ერთი გაკვეთილიდან მეორეზე შესასვლელად 150 მეტრის გავლა უწევს: „რთულია, ვცდილობთ ცხრილი ავუწყოთ ისე, რომ ჯერ ერთ შენობაში ჩაატაროს პედაგოგმა გაკვეთილი, შემდეგ გადავიდეს მეორეში. დიდი ტრადიციების სკოლაა, კარგ შედეგებზე გასული, ეს გარემოება მეტ–ნაკლებად გვიშლის ხელს, თუმცა გვაქვს წარმატებები“ .

მისივე თქმით, ვიწრო კლასების და არასაკამრისი ფართის გამო სკოლაში ვერ ტადება კლასგარეშე ღონისძიებები, დღის მეორე ნახევარში კი ოთახები სამრევლო სკოლებს თავიანთი გაკვეთილების ჩასატარებლად სჭირდებათ.

არალში ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წლის 26 იანვარს დაიწყო და 2016 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება1 698 000 ლარი იყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „Civil Construction“ ასრულებდა.

სამშენებლო სამუშაოები არლის სკოლაში 2016 წლის ნოემბერში მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო შეჩერდა და მას შემდეგ აღარ გაგრძლებეულა. სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელის გარდაცვალებამდეც სამუშაოები შეფერხებით მიმდინაროებდა: „მთელი ზაფხული არაფერს აკეთებდნენ და ზამთრის პერიოდში დაიწყეს, ყინვაში აკეთეს და გარედან ფილები ცვივა. მუშებისთვისაც კი არ აქვთ ბოლომდე ხელფასი გადახდილი“.

მშენებლი კომპანიის ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ 10 თვე გავიდა, თუმცა სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ გაგრძელებულა. მასწავლებლები ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სკოლის მშენებარე შენობაში ისიც ზიანდება, რაც აქამდე გაკეთდა, გარდა ამისა, იპარავენ სამშენებლო მასალებსაც.

„საშინელ მდგომაროებაშია სამშენებლო ობიექტი, საქონელი თავისუფლად მოძრაობს. იპარავენ მინებს, ცვივა გარედან მოპირკეთებული ფილები. ის კომპანიაა ვალდებული, რომ დარაჯი დაუყენოს და ხელფასი გადაუხადოს. ჩვენი დარაჯი იმ შენობებს იცავს, სადაც ამჟამად ვსწავლობთ. ბედის ანაბარადაა მოტოვებული და მიგდებული. ძალიან გვენანება ის სამუშოები, რომელიც უკან – უკან მიდის “ , – ამბობს თამარ მათოშვილი.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ არლის სკოლაში სამუშაოების 75%–ია შესრულებული. სააგენტოში გვიხსნიან, რომ სამუშაოების ასე გადადების მიზეზი ჩაშლილი ტენდერია.

„ტენდერი იმიტომ ჩაიშალა, რომ არავინ მიიღო მონაწილეობა. ახალი ტენდერი 4 სექტემბერს გამოვაცხადეთ “ , – განმარტავენ სააგენტოში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 558 910 ლარზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება დღეიდამ, 26 სექტემბრიდან იწყება. ტენდერში გამარჯვებულმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში (2 თვე) უნდა განახორციელოს.

პედაგოგები იმედოვნებენ, რომ სკოლის მშენებლობა იქამდე დასრულდება, ვიდრე ძლიერი სიცივეები დაიწყება. ისედაც შემცირებული გაკვეთილები (40 წუთი) ზამთრის პერიოდში კიდევ 5 წუთით მცირდება, სასკოლო პროცესი 18:00 საათზე სრულდება, რაც ზამთრის პერიოდში მოსწავლებისთვის განსაკუთრებით რთულია.

შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით, არალში 192 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა აშენებულიყო, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული შშმ პირებზე. სკოლაში უნდა გაკეთებულიყო ლიფტიც.