ქუთაისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას პასუხობს

796

წინა სტატია

ქუთაისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას პასუხობს. მერიის საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა განმარტავს, რომ მხატვრები თანხას, 500 ევროს ოდენობით, ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს.

“მიმდინარე წლის მაისში ორ ქალაქს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ამის ფარგლებში დაიგეგმა მრავალი პროექტი და ერთ-ერთი იყო კულტურული მიმართულებით. შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ 20 მხატვარი მონაწილეობას მიიღებდა პლენერში, რომელსაც კოზენცა აწყობდა. შეთანხმებაში შედიოდა თანხა, რომელიც ანაზღაურებული იქნება კოზენცას მერიის მიერ. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება და შეგვპირდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩაირიცხება”,- განაცხადა შორენა ხუხუამ.

მისი თქმით, საუბარია მხატვრების მგზავრობის და იტალიაში ყოფნის ხარჯებზე, რომელიც 500 ევროს შეადგენდა. რაც შეეხება მერიის ოფიციალურ დელეგაციას, ხუხუას ინფორმაციით, ოთხი წარმომადგენლის ვიზიტი მერიის მიერ დაფინანსდა, რაც მხოლოდ მგზავრობის ღირებულებას გულისხმობდა, თუმცა კონკრეტულად რა ოდენობის თანხაა, ამაზე პირადად ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.