ბორჯომის 3 სოფელში წყლის სისტემების რეაბილიტაცია იწყება

1377

ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, ტაძრისსა და დვირში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 640 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ჭობისხევში შიდა ქსელის ძველი ლითონის მილები, ახალი პოლიეთილენის მილებით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ჭები და  35–აბონენტამდე წყალს ახალი მილებით გაიყვანენ, ამასთან, დაამონტაჟებენ ურდულებს.

ტაძრისში წყლის რეზერვუარიდან პოლიეთილენის მილებით სასმელ წყალს ყვიბისისი საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის შენობებში მიიყვანენ.

დვირში წყლის სათავე ნაგებობასა და რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აღდგება დაზანებული კედლები და იატაკი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ბორჯომის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ჭობისხევში 32 712 ლარი, დვირში 27 962 ლარი, ხოლო ტაძრისში 31 966 ლარი დაიხარჯება.