”ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები”,- ასე პასუხობს ბათუმის სანაპირო ზოლში, შესაძლო 9 ცათამბჯენის მშენებლობაზე შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების მაღალი ჩართულობა უნდა ახლდეს თან. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
“ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები, ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ამავდროულად, აბსოლუტურად ყოველთვის და ყველა გადაწყვეტილებისას დაცული უნდა იყოს ქალაქის ინტერესები. ქალაქის ინტერესი გულისხმობს სწორედ საზოგადოების მაღალ ჩართულობას და საჯაროობას, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაში” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
შეგახსენებტ, რომ 9 ცათამბჯენის მშენებლობაზე ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. საზოგადოება “ბათომა” მერი ცათამჯენების მშენებელი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, ძველი ქალაქის ზონის თვითნებურად შეცვლაში დაადანაშაულა და 7 ოქტომბერს აქცია დააანონსა.
ქალაქის მერი ლაშა კომახიძე კი ამბობს, რომ თვითნებურად არ შეუცვლია გეოგრაფიკის მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით ისტორიული ქალაქის დაცვის ზონა, გადაწყვეტილება პროცედურების დაცვით, ქალაქ ბათუმის მერიამ მიიღო და იგი საკრებულომაც მოიწონა.