განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მუშაობის ანგარიში მოისმინა

982

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ გასვლითი სხდომა სოფელ დიღომში ახლადაშენებულ, თბილისის 67-ე ბაგა-ბაღში გამართა, რომელზეც ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2018 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ თავის ანგარიშში ინფრასტრუქტურულ და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, ბაგა-ბაღებში უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსის შესახებ ისაუბრა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში.

კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა მიღწეულ წინსვლაზე და არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი გადალახვის გზებსა და ახალ ინიციატივებზე, როგორც აღმზრდელთა შრომის ღირსეულად დაფასების, ისე აღსაზრდელების ჯანსაღი განვითარების, ასევე  სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით.

ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ისაუბრა ბაღების გამართული მუშაობის  საფინანსო უზრუნველყოფაზე.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.