საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გურჯაანში 2 ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის თქმით, ამის შესახებ თანხმობა შესაბამისი უწყებებიდან უკვე მიიღეს.
“კონსტრუქცია თბილისიდან ჩამოიტანეს და დასაწყობებულია. ველოდებოდით ორი უწყების: შსს-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობას, რომელიც დახლოებით ათი დღის წინ მოვიდა. არჩევნების შემდეგ ბიუჯეტში დაიგეგმება თანხა და დაფინანსდება კონსტრუქციის მონტაჟი“, – განაცხადა მუსალბიშვილმა.
მისივე თქმით, შუქნიშნები ორ ადგილზე: მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ადგილებში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. რის გამოც მოსახლეობა წლებია შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს.