გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანს დაამონტაჟებენ

1426

უახლოეს პერიოდში გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანს დაამონტაჟებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კონსტრუქცია თბილისიდან უკვე ჩაუტანეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცლებს.

„თბილისის მერიაში წერილი გვქონდა გაგზავნილი და შუქნიშნები უკვე გადმოგვცეს. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები საგზაო დეპარტამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მათ გავაცანით ჩვენი შეხედულება და ველოდებით რეკომენდაციებს. პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს,ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ მონტაჟს“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ხანდამაშვილის თქმით, შუქნიშნების დამონტაჟება მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ადგილებში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. რის გამოც მოსახლეობა წლებია შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს.