რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ პოზიციებზე გამოსაცხადებელი კონკურსის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ვაკანსიებზე კონკურსი როგორც რიგითი ისე საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შესარჩევად გამოცხადდება. სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა სრულად განახლდა.
სამინისტროს ცნობით, არსებული ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები. ასევე იგეგმება თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით.
უწყების განცხადებით, ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის პროექტების მართვის და სხვა მიმართულებების გაძლიერების აუცილებლობა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ანალიზის შედეგად ასევე გამოვლინიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოელი ექსპერტების გრძელვადიანი ჩართვის საჭიროება. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ: საინჟინრო პროექტების მართვა და ანგარიშგება, სტიქიების პრევენცია, ტრანსპორტის ეკონომიკა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება. მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საერთაშორისო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული აქტივების მართვა, გეოლოგია გეოტექნიკა, გარემო და განსახლება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის გაძლიერებას, ავტომატური მართვის დანერგვას და ამ მიმართულებით შესაბამისი კადრების შერჩევას გეგმავს.
ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია www.georoad.ge -ზე, www.hr.gov.ge-ზე და www.jobs.ge-ზე განთავსდება. კონკურსი ჩატარდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.