თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის შესაძლო გაერთიანება გააპროტესტეს დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და მათმა მხარდამჭერებმა გვირგვინი მიიტანეს. აქციაში “თავისუფალი საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ, რომელზეც სწორედ ამ სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერის საკითხი განიხილება და რომელიც, მათივე ინფორმაციით, დღეს გაიმართება.
„მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს: ძმაო გიორგი, ჩემი თაობის კაცო, მოგმართავ, იმ უფლებას, რომელსაც შენ თბილისში იყენებ, რომ მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა თბილისის თვითმმართველობის განხორციელებაში, რატომ ართმევ ამ უფლებას ზუგდიდელებს, თელაველებს და იმ ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებსაც თქვენ თვითონ შესთავაზეთ 4 წლის წინ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი? თქვენი ხელისუფლებაში დარჩენის ამბიციები არ გაიცვლება ამ ქალაქში მცხოვრებლების უფლებაზე, მიიღონ სრული მონაწილება თვითმმართველობის განხორციელებაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თენგიზ ჯგუშიამ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წინ დღეს თვითმმართველობის გაუქმების წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია იგეგმება, სადაც მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ეს აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.
16 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს წერილები გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოები გაერთიანების საკითხს კვირის ბოლომდე განიხილავენ.
თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: იმედინიუსი