საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს დღეს წერილები გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტი, რომელთაგან 7 თვითმმართველი ქალაქია, გაუქმდება და მათგან 7 მუნიციპალიტეტი შეიქმნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს. „გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება“, – ამბობს კობახიძემ.
რა ხდება რეალურად?
დოკუმენტში, რომელიც droa.ge-მ მოიპოვა, ცალსახად წერია, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანება იგეგმება და მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებასთან არ გვაქვს საქმე.
ხუთშაბათს, 11 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო – ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის თემის, ქალაქ გორისა და გორის თემის, ქალაქ თელავისა და თელავის თემის, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის განხილვა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა, რომელიც, ასევე, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, კომისიის წევრებს წარუდგინა მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება და გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტების საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრები.
აღმოჩნდა, რომ საკითხთან დაკავშირებით კომისიის არც ერთ წევრს შენიშვნა ან წინადადება არ ჰქონია. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ერთხმად მიიღეს და დაადგინეს:
- ქალაქ გორის, გორის თემის, ქალაქ თელავის, თელავის თემის, ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის თემის, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის თემის, ქალაქ ახალციხის, ახალციხის თემის, ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის თემის, ქალაქ მცხეთის და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს კონსულტაციებისთვის გადაეგზავნოს მათი მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტების (გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურის, მცხეთის) შესაძლო შექმნის წინადადებები. ასევე, საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულ იქნეს განცხადება ამ ოქმის N1 დანართის შესაბამისად.
- საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია გამოთქვამს მზადყოფნას, ადგილობრივი მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან მიიღოს და განიხილოს წინადადებები გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურის და მცხეთის მუნიციპალიტეტების შექმნის საკითხზე, ასევე, განიხილოს დაინტერესებული პირების წერილობითი მოსაზრებები.
საკონსტიტუციო განხილვების პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, დღის წესრიგში დადგა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო განხილვებისას მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვდა, არ მომხდარიყო თვითმმართველი ქალაქებისა და თემების კვლავ გაერთიანება, საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.
როგორი იქნება ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილება, ამას, სავარაუდოდ, მალე გავიგებთ. Droa.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაერთიანებისთვის განწირული მუნიციპალიტეტების საკრებულოები სხდომების ჩატარებას კვირის ბოლომდე გეგმავენ.