5 ათასამდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალათ. 3 512 უფროსი მასწავლებელი, 172 წამყვანი, ხოლო 19 მენტორი გახდა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, ჯერ სტატუსის მინიჭების პროცესი არ დასრულებულა და სტატუსის ამაღლების შესაბამისად, პედაგოგებს ანაზღაურება 15 სექტემბრიდან გაეზრდებათ.
“სექტემბერში წარმოდგენილია 1 100 წინადადება, რომელიც ასევე დაემატება სტატუსების ცვლილებას. ამ რიცხვს ასევე დაემატება იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ზღვარი გამოცდაზე, მთლიანობაში ასეთია 1 346 მასწავლებელი, თუმცა აქედან არ ვიცით, რამდენს შეეცვლება სტატუსი. მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადას მომდევნო ორშაბათს. არის 280 მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ 10-10 კრედიტი საგნობრივ და პედაგოგიური კომპეტენციის დადასტურების ტესტებში აღებული და მათაც ავტომატურად მიენიჭებათ სტატუსი. ამ ეტაპისთვის უფროსი მასწავლებელი გახდა 3 512, წამყვანი – 172, მენტორი – 19”, – აღნიშნა მანანა რატიანმა.
რატიანის თქმით, ვინც სტატუსის ცვლილებაზე წარმოადგინა წინადადება, ყველას არ შეცვლია სტატუსი.
“მენტორობაზე 14 მასწავლებლის წინადადება არ დაკმაყოფილდა. 33 მასწავლებელს სურდა მენტორობა, აქედან 19-მა მოიპოვა მენტორის სტატუსი, ხოლო 14-მა ვერა.
ამასთან, წამყვანის სტატუსი ვერ მოიპოვა 51-მა, წარდგენილებიდან. მიზეზი იყო, ძირითადად, მათი სავალდებულო კომპონენტები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფმა ხელახლა გადაამოწმა და აცდენა იყო შეფასებებში, შეფასების ჯგუფსა და ჩვენ მიერ ჩატარებულ შეფასებაში და აქედან გამომდინარე, მათ სტატუსები არ მიენიჭათ”, – განაცხადა მანანა რატიანმა.
რატიანის განცხადებით, იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს არასწორ ველში ჰქონდათ დოკუმენტები ატვირთული. თუმცა, აპელაციის დროს შეიძლება ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება. როგორც რატიანი აღნიშნავს, მასწავლებლებს თავიანთ ელექტრონულ ბაზაში შეცვლილი სტატუსი უკვე აესახათ. თუმცა, ასახვა მიმდინარეობს ეტაპობრივად და შესაძლებელია ყველა მათგანს ჯერ არ ჰქონდეს გამოჩენილი სტატუსი.