წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
2014 წლის შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე N5 ავტობუსის ნაცვლად, N81 ავტობუსი ივლის.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა ავტობუსის დანიშვნა.
“წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იქნება. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც სტიქიის დროს ჩამოიშალა. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი M3 კატეგორიის ავტობუსის დანიშვნა. როგორც კიკეთის, ასევე წყნეთის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ავტობუსით იმგზავრონ. ამაზე გამოყოფილია შესაბამისი სახსრები”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ხაზზე ერთი ავტობუსი ივლის.