ბეშუმში ხეებს ჭრიან. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. TV25 წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროცესი უშუალოდ საკურორტო ზონაში, ე. წ ღობის შიგნით ხდება. თუმცა ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ აჭარის სატყეო სააგენტოში. უწყების ხელმძღვანელი ხულოს მუნიციპალიტეტში ირწმუნება, რომ რამდენიმე ძირი ხის მოჭრა კურორტის გარე პერიმეტრზე მოხდა.
“ხეები კურორტის გარეთ, ე. წ ბანაკის ტერიტორიაზე მოიჭრა. ადგილობრივებმა ხის მოჭრისთვის საჭირო დოკუმენტი – ბილეთი წარმოგვიდგინეს, რის საფუძველზეც მეტყევეების თანხლებით, დანომრილი ხეები მოიჭრა”, – აცხადებს ხულოს სატყეო სამსახურის უფროსი რენარ ბოლქვაძე.
კურორტის ტერიტორიაზე ხის ჭრის ფაქტს უარყოფს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძეც და ირწმუნება, რომ მსგავსი შემთხვევის დადასტურებისას კანონდამრღვევი უმკაცრესად დაისჯება.
როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ტერიტორიაზე დღეს მხოლოდ ორი ძირი სოჭის ჯიშის ხე მოიჭრა.
ფოტო: გიორგი სურმანიძე