კირცხის ბაღის დირექტორმა “ოცნების” ტორტის გამო საყვედური მიიღო

1476

წინა სტატია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოცხვეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ დააწერეს, რის გამოც კირცხის საბავშვო ბაღის დირექტორს საყვედური გამოუცხადეს. ხოლო, ა(ა)იპ “ჩხოროწყუს სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი გააფრთხილეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ კირცხის ბაღმა კანონი დაარღვია. არასამთავრობოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ კანონმდებლობა კრძალავს საბიუჯეტო დაწესებულებაში პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას.

თავის მხრივ, საიამ დაიწყო შესწავლა აღნიშნული საკითხის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის უფროსი ჯემალ ჭკადუა აცხადებს, რომ შესაძლოა სოფელ კირცხის სკოლამდელ დაწესებულებაში საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვქონდეს, წინასაარჩევნო პერიოდში.

ჭკადუას განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცალსახად აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ საანგარიშო პერიოდში იკრძალება მსგავსი ქმედებები. მისის თქმით, თუ დარღვევა მოკვლევის შედეგად მართლაც გამოიკვეთება, საჩივრით ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავენ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“ყველაზე მთავარია ჩვენ გავიგოთ, ეს ტორტი ვის მიერ დაფინანსდა. თუ ეს არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული, მაშინ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თუ ეს მოტანილია კერძო პირის მიერ, ან მშობლის, საკუთარი ფინანსებით, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება არ მომხდარა“, – განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას განმარტებით, ის გარემოება, რაც მათ ადგილზე დახვდათ, მისთვისაც მიუღებელია, ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებს კი ვითარება წინასწარ უნდა გაეკონტროლებინათ.

“ყოვლად მიუღებელია ჩემთვის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების და სკოლის პოლიტიზირება. დროშა როგორც კი ვნახე, მოვახსნევინე. რაც ვიზუალურად ვნახე, მასზე რეაგირება მაშინვე მოვახდინე. ის ტორტი მე თვალით არ მინახავს, უბრალოდ მითხრეს“, – აღნიშნა დავით გოგუამ.

ბაღის გამგის მიმოზა დამენიას თქმით, ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს და გამოცემასთან ამბობს, რომ ქმედებით ხელისუფლების მიმართ “პატივისცემა გამოხატეს“.

შეგახსენებთ, რომ კირცხის საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუაც იმყოფებოდნენ.