“ქართული ოცნების” ტორტი სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიაზე

1724

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოცხვეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ დააწერეს, – ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს “ლაივპრესი” ავრცელებს.

გამოცემას ბაღის დირექტორმა, მიმოზა დამენიამ უთხრა, რომ “ქართული ოცნების” ლოგო ტორტზე “ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად” გააკეთეს, ვინაიდან ხელისუფლებამ სოფელს ახალი ბაღი აუშენა. დამენია იმასაც ამბობს, რომ, ტორტთან ერთად, საბავშვო ბაღის ეზოში “ქართული ოცნების” დროშებიც ჰქონდათ გამოფენილი, თუმცა, ჩამოახსნევინეს.

“ჩვენ “ოცნების” დროშებიც გვქონდა გარეთ საქართველოს დროშასთან ერთად აღმართული, მაგრამ გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე “ოცნების” ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო – გვითხრა. “ოცნებაა” ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან “ქართული ოცნების” დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ არ ვიცი“ – უთხრა მიმოზა დამენიამ “ლაივპრესს”.

გამოცემის ცნობით, კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ესწრებოდნენ.