ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია უკლება და გიგა შუშანია დაკითხეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც გიგა შუშანია აცხადებს, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე განცხადებთ, ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვენ, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლას გულისხმობს.
გიგა შუშანიას განმარატებით, უმრავლესობის დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ გია უკლება საკრებულოს სხდომას არ დასწრებოდა.
საგამოძიებო უწყებამ დაპირისპირებაში მონაწილე მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც დაკითხა, თუმცა ისინი კომანტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. ირაკლი შენგელია, მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბოდიშის უხდის და ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება მართებთ.
“ქართული ოცნების” წევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს პროვოკაციებს უწყობს.
“პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და მოვუხადო ბოდიში. ის ფაქტი რაც მოხდა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს მერიის შენობაში. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი ხერხით და ყოველგვარი მეთოდით ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, რომელიც მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარების პირობას. ყველანაირ მეთოდით ცდილობენ ამ პროცესს შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჩვენი გუნდი მთლიანად იზიარებს იმ პოზიციას რასაც ჰქვია ჯანსაღი საარჩევნო ურთიერთობა, პოლიტიკური განწყობა, პოლიტიკური ვითარება. შესაბამისად, ის პროვოკაციები, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს ეს ოპოზიციური ძალა, ნამდვილად მიუღებელია საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვის. პროვოკაციები სხვადასხვაგვარია, მათ შორის ეს იყო სოციალურ სივრცეში კონკრეტული დეპუტატის მხრიდან, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა ამომრჩეველს. ამაზე საზოგადოებას გარკვეული რეაქცია გააჩნდა”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის შენობაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გუშინ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები – ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.