სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის ექიმი არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული მზადების ციკლი და ახორციელებს სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, სახელმწიფო პროგრამის “სოფლის ექიმის” ფარგლებში. პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის მოსარგებლენი არიან: სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა.
“პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ითვალისწინებს: ექიმთან/ექთანთან ვიზიტს, იმუნიზაცია/იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვას, ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად, ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობას ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად, ექიმის ან ექთნის ვიზიტს ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად. ბინაზე ექიმის ან ექთნის ვიზიტს წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან, ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტს საჭიროების შესაბამისად, ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების: ა) დიაგნოსტიკას კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე; ბ) მართვას და რეფერალს საჭიროების შესაბამისად.
ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფას ექთნის მიერ, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას გადაუდებელი მდგომარეობების დროს, ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოებას, ცნობებისა და რეცეპტების გაცემას (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის). სოფლის ექიმის მომსახურება ასევე ითვალისწინებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული “ექიმის ჩანთიდან“.
“სოფლის ექიმს” ეკრძალება: ფორმა № IV-100ა-ს, მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობების გაცემა.
სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოფლის ექიმს ან სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას უნდა მიმართონ. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.