დაამატა თუ არა საპარკინგე ადგილები მერიამ დედაქალაქში “სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ? დედაქალაქის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ახალი საპარკინგე ადგილების გაჩენა “სითი პარკის“ ვალდებულება არ იყო და ეს არც მათი მიზანი არ არის. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
„მერიის პოლიტიკა არ არის, რომ გავაჩინოთ კიდევ მეტი საპარკინგე ადგილები. “სითი პარკის“ ვალდებულება არ იყო საპარკინგე ადგილების გაჩენა. საპარკინგე ადგილს განსაზღვრავდა მუნიციპალიტეტი და “სითი პარკი“ ხაზავდა. აქედან გამომდინარე “სითი პარკის“ წასვლა გავლენას ვერ მოახდენდა ამაზე.
ზოგადად, ეს ცოცხალი პროცესია. მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება ქალაქზე და მუდმივად ხდება რაღაც არეალის დამატება და რაღაც არეალის გაუქმება.
რატომღაც დღეს ასე მივიჩნევთ, რომ საპარკინგე პრობლემის მოგვარება არის დამატებით ახალი პარკირების ადგილების გაჩენა. ეს ის არ არის, რაც დღეს ქალაქს სჭირდება.
დღეს ქალაქს სჭირდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა ნაკლებად დააბინძურონ ჰაერი და ცოტა მეტად სუფთა ჰაერი ვასუნთქოთ მოქალაქეებს, რისთვისაც საჭიროა ნაკლები ავტომანქანები დადიოდნენ. ჩვენი პოლიტიკა არ არის წავახალისოთ სატრანსპორტო საშუალებების უფრო მეტი გამოყენება. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ წავახალისოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
მისივე თქმით, მერიას რამდენიმე ადგილზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის პროექტი აქვს, რაც განხორციელდება, თუმცა, ეს პროექტიც გამომდინარეობს კონკრეტულ ადგილებზე პარკინგზე ძალიან მაღალი მოთხოვნით.