10 აპრილიდან “სიტი პარკს” ხელშეკრულება გაუუქმდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს, ამიტომ მერიამ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
მან თქვა, რომ კომპანიას აქვს არაკეთილსინდისიერი მიდგომები და პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან. კალაძის ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს კომპანია, თუმცა, ვითარება არ გამოსწორდა.
“არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უფლებამოსილებების შეუსრულებლობას. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 აპრილიდან, კომპანია “სიტი პარკთან” დადებული ხელშეკრულება შეწყდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, დროებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სიტი პარკის” მოვალეობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.