მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მსურველებს მიწის ნაკვეთი იჯარის ნაცვლად საკუთრებაში 1 ლარად გადაეცემათ

792

წინა სტატია

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას განმეორებით აცხადებს და ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს.

ინვესტორებს ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები 1 ლარად გადაეცემათ. კალაძის თქმით, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

მისი თქმით პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა და კომპანიების მხრიდან წინადადებები არ იყო წარმოდგენილი.

“ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ კიდევ უფრო დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ინტერესთა გამოხატვის პირობები არის იგივე – ინვესტორს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი და არა 25-წლიანი იჯარით, როგორც ეს აქამდე იყო დადგენილი. ჯამურად, საპარკინგე ადგილების რაოდენობა სამივე ლოკაციის შემთხვევაში არის 715“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, კომპანიებს ორი თვე ეძლევათ, რათა მათი ბიზნეს წინადადებები წარმოადგინონ, რომელსაც მერია განიხილავს და საუკეთესო წინადადების წარმდგენს პროექტის ექსკლუზიურად განხორციელების უფლებას გადასცემს.