საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარაში სულ 4 849 პირველკლასელია რეგისტრირებული. მათ შორის, ყველაზე ნაკლები – 132 მოსწავლე შუახევის მუნიციპალიტეტშია, 172 პირველკლასელია ქედის საჯარო სკოლებში, შედარებით მეტი – 261 კი ხულოში. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, აქ 35 საჯარო სკოლაში, 660 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ქობულეთში კი – 1037 . აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი – 2 643 პირველკლასელი ბათუმის საჯარო სკოლებშია რეგისტრირებული, კერძო სკოლებში კი მათი რიცხვი 702 – ია.
მხოლოდ ერთი პირველკლასელი ისწავლის ხულოში, პარტნარის საჯარო სკოლაში. ახალ სასწავლო წელს ახალი მოსწავლის გარეშე იწყებს გელაურას საჯარო სკოლაც.
სოფელი ტბეთი, ნაღვარევი, ტომაშეთი და ცხემლისი – ეს კი შუახევის მუნიციპალიტეტის ის სკოლებია, სადაც წელს არც ერთი პირველ კლასელი არ დარეგისტრირებულა.
ახალ სასწავლო წელს, ახალი მოსწავლეების გარეშე დაიწყებს სწავლას ქობულეთში, სოფელ აჭის საბაზისო სკოლაც. აჭარა – გურიის საზღვარზე მდებარე ამ სკოლაში, წელს მხოლოდ 30 მოსწავლე ირიცხება.