ბათუმის მერია, ქალაქში ავტომობილების მოძრაობის განტვირთვისთვის, პარკირების ახალ სისტემაზე გადადის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გადაცემა “რადიოვიზიაში” ამბობს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
ავტომობილის გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადი დილის 7 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს, საღამოს საათებში კი თავისუფალი პარკირება იქნება, რაც ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრებლებს მანქანების სახლთან დაყენების საშუალებას მისცემს.
უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ქუჩის მცხოვრებლებს პარკირებისთვის, დამატებითი შეღავათები დღის განმავლობაშიც ექნებათ, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
“ბუნებრივია მცხოვრებლები ვერ იქნებიან საათობრივ პარკირებაზე, მით უფრო 24 საათის განმავლობაში, ამიტომ ცალკე რეგულაცია იქნება მათთვის, ღამით არ იქნება პარკირება ფასიანი” – განაცხადა ქავჟარაძემ.
კონკრეტულად რა ტერიტორიაზე იგეგმება ფასიანი პარკირების სისტემის ამოქმედება? – საათობრივი გადასახადი გაჩერებებზე ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ჩათვლით ყველა ქუჩას და ჯავახიშვილისა და ზ.გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ ყველა მონაკვეთში დაწესდება.
წითელი ხაზით შემოსაზღვრულია მონაკვეთი, რომლის შიგნით იქნება ფასიანი პარკირება.
ქალაქის ამ ნაწილში, სპეციალური, საათობრივი გადახდის აპარატები დაიდგმება და სხვა სახის პარკირება აიკრძალება.
“ცენტრში იქნება მხოლოდ ფასიანი პარკირება. თავისუფალი მოედნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განტვირთავს მოძრაობას და მთელი დღის განმავლობაში ერთი მანქანა ვეღარ დაიჭერს ერთ სივრცეში ადგილს”.
მაგალითისთვის კი უწყების ხელმძღვანელმა სამსახურის წინ 8-9 საათით გაჩერებული ავტომანქანები დაასახელა.
“თუ მთელი დღის განმავლობაში, 7-8 საათი მანქანა არ გჭირდებათ, უნდა გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამსახურში მოსვლამდე. ქალაქის ცენტრში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა, თქვენ მთელი დღე ტყუილად იჭერთ ადგილს. აქ გააჩერებს ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ და პარკირება მოკლე დროით სჭირდებათ, მაგალითად ბანკში შესასვლელად და ა.შ.”
რაც შეეხება ძველი ბათუმის ტერიტორიას, რომელიც ზ. გამსახურდიას ქუჩიდან სანაპირო ზოლამდე მონაკვეთს მოიცავს. ბათუმის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ აქ სხვა ტიპის რეგულაციები იქნება და ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, პარკირებისთვის რომელ მოდელს აირჩევენ.
რა ეღირება ერთი საათის განმავლობაშ ქალაქის ცენტრში პარკირება ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ფასი საკრებულომ უნდა განსაზღვროს და დაადგინოს, თუმცა არსებული გამოცდილებით, თბილისის მოედანზე, მანქანის ერთი საათით პარკირება 1 ლარია.
ამასთან, აღსანისნავია ისიც, რომ ამ რეგულაციების შემდეგ არ უქმდება ყოველწლიური 40 ლარიანი პარკირების გადასახადი, რადგან ქალაქის სხვა ტერიტორიაზე, სწორედ ამ მოსაკრებლის საფუძველზე შეძლებთ ავტომობილის გაჩერებას.