სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, სავარაუდოდ, შეიცვლება

975

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, სავარაუდოდ, შეიცვლება. ჯერ კიდევ გუშინ გამოცემა “ლაივპრესი” ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმნისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც გუშინ გვასალიამ არ დაადასტურა.

„მე ჩემს კაბინეტში ვარ და ჯერჯერობით ვმუშაობ. საუბარი იყო ჩემს გადაყვანაზე სხვაგან. ვფიქრობ ამაზე. შეიძლება გადავიდე, შეიძლება არ გადავიდე. შეიძლება დავრჩე, შეიძლება არ დავრჩე. ხვალ გაიგებთ ყველაფერს“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.

დღეს კი გვასალია ირწმუნება, რომ მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია, თავად კი პოსტის დატოვების შესახებ ჯერ განცხადება არ დაუწერია. მისი სიტყვებით, “ელოდება ზარს“ და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ არის კონკრეტული პირი. ვინ არის, არ ვიცი. მითხრეს, რომ უკვე არის შერჩეულიო და ამიტომაც შემოგთავაზეს სხვა სამსახურიო. ასე მარტივად არ არის საქმე. აქ უნდა გამოცხადდეს კონკურსი და კონკურსის წესით უნდა შეირჩეს თანამდებობაზე პირი“, – აცხადებს ლაშა გვასალია.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მას შესთავაზეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეობა, რაც მისთვის მიუღებელია. მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„მე ახლა პირველი რანგის მოხელე ვარ და მესამე რანგზე ხომ არ გადავიდოდი? ჩემთვის ეს მიუღებელია. თვითმმართველობა ძალიან საინტერესო სამსახურია სხვათაშორის, მაგრამ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. ჯერ გათავისუფლებაზე განცხადებას არ ვწერ, ველოდები რაღაც ზარს. მაქვს შეთანხმება და მერე გადავწყვეტ. აბა ისე ხომ არ იქნება?“, – აღნიშნა ლაშა გვასალიამ.

ლაშა გვასალია გუბერნატორის აპარატის უფროსად 2015 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.