კარგი ამბები აჭარიდან – მოსახლეობის აქტიურობით მოგვარებული პრობლემები

3964

წინა სტატია

ალბათ, გახსოვთ, ცოტა ხნის წინ აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებზე გიყვებოდით, სოფლებზე, რომლებშიც პრობლემა ბევრია, თუმცა, მათ მოსაგვარებლად ვერავინ იცლიდა. სწორედ ამიტომაც, საკუთარი საჭიროებების მოსაწესრიგებლად, არასამთავრობო ორგანიზაციის – “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” მხარდაჭერით, მოსახლეობამ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო: სათემო შეკრებები ჩაატარა, უმთავრესი პრობლემები გამოკვეთა, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ხელმოწერები შეაგროვა, საინიციატივო ჯგუფი შექმნა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მიმართა.

უკვე ორ სოფელში – დოხოძეებსა და კანტაურში აქ მცხოვრებმა ადამიანებმა უმთავრესი საკითხის – გზის, გარეგანათებისა და წყლის მოწესრიგება შეძლეს. მათ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა CIPDD-მ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწიეს, სამუშაოებში კი ორივე სოფლის მოსახლეობა თავად იყო ჩართული.

პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“ აჭარის კოორდინატორი ასლან ჭანიძე გვიყვება, რომ სათემო შეკრებები მაისში ჩაატარეს. “სწორედ ამ შეკრებებზე მოსახლეობამ თავად გამოკვეთა ის პრიორიტეტები, რომელთა მოგვარებაც უნდოდათ. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებთან ერთადაც დაიგეგმა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. შემდეგ შევხვდით ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, როლანდ ბერიძეს და მასთან ერთად გავიარეთ საკითხები, მათ შორის, ის, თუ როგორ და რა ფორმით ჩაერთვებოდა მუნიციპალიტეტი პრობლემების მოგვარებაში. შემუშავდა პროექტები და საქმეც დაიწყო”, – ამბობს ჭანიძე.

სოფელ კანტაურში უმთავრეს პრობლემას სოფლის შიდა გზა წარმოადგენდა. გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ იქ, ორხიდიანი მანქანის გარდა, ტრანსპორტი ვერ მიდიოდა, მათ შორის, ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა და ვერც – მუნიციპალური ტრანსპორტი. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მანქანა გადაბრუნდა და დაზიანდა. გადაადგილება, არათუ ავტოტრანსპორტისთვის, ფეხით მოსიარულეებისთვისაც კი პრობლემებთან და დისკომფორტთან იყო დაკავშირებული.

გზის მოსაწესრიგებლად 3 000 ლარი “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა” გამოყო, რომლითაც მოსახლეობამ მზა ბეტონი შეიძინა, მაგრამ გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ იქ ბეტონის გადამზიდი მანქანა ვერ ადიოდა. ამიტომ მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას თავისი ტექნიკა დაახმარა და შეძენილი ბეტონი სოფლამდე აიტანა.

სოფელში კი ბეტონის დასხმა მოსახლეობამ თავად ითავა – კანტაურელებმა გზა საკუთარი ხელით დააგეს და დღეს უკვე იქ გავლა ნებისმიერი ტრანსპორტით მარტივად შეიძლება.

მეორე საკითხი, რისი მოგვარებაც სოფლის მცხოვრებლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას შესთავაზეს, გარეგანათებაა. მათ ეს პრობლემა წელს ნაწილობრივ მოუგვარდებათ – მუნიციპალიტეტს სოფლის ნაწილში გარეგანათების მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

რაც შეეხება სოფელ დოხოძეებს, აქ უმწვავესი პრობლემა წყლის პრობლემა იყო. მოსახლეობის ინფორმაციით, არათუ სარწყავი, სასმელი წყალიც კი სანატრელი აქვთ. 

დოხოძეელებმაც, კანტაურელების მსგავსად, სათემო შეკრება გამართეს, ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, საკითხის მოგვარება დაიწყო. 

“როგორც აღმოჩნდა, ამ სოფელში წყლის მოსაწესრიგებლად ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი იყო გასაკეთებელი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საკითხი შევისწავლეთ, შემდეგ კი მილები და სხვა საჭირო მასალები შევისყიდეთ. აქედან 2600 მეტრის მილები მუნიციპალიტეტმა შეისყიდა, ხოლო 1600 მეტრის მილები პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიყიდეთ”, – გვითხრა “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, ასლან ჭანიძემ.

მასალების შეძენის შემდეგ საქმეში უკვე მოსახლეობა ჩაერთო – სოფლის მცხოვრებლები თავად მუშაობენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოაგვარონ. დოხოძეები მაღალმთიანი სოფელია და აქ საკმაოდ რთული რელიეფია. წყლის სათავე სოფლიდან 4 კილომეტრშია, ამიტომაც მათ მუშაობა ტყეში უწევთ. ამ დროისთვის 1200 მეტრზე უკვე ახალი მილებია ჩაყრილი. 

მიმდინარე წელს არც კანტაურში და არც დოხოძეებში ამ პრობლემების მოგვარება დაგეგმილი არ ყოფილა. სწორედ მოსახლეობის აქტიურობით ამ უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა. თვითმმართველობის არსიც ხომ სწორედ ეს არის – მოქალაქეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობით, თავად გადაწყვიტონ საკუთარი საჭიროებები. დოხოძეები და კანტაური ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს მოქალაქეთა აქტიურობას. 

აჭარის გარდა, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ პროექტს – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“, „Bread for the World“-ის ფინანსური დახმარებით, კიდევ სამ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ახორციელებს. ჯამში, წელს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში მოსახლეობას პრობლემები მოუგვარდება, თუმცა, მთავარი მიზანი, რასაც პროექტი ემსახურება, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით, ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.