ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის სამი სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ქალაქის მერია უზრუნველყოფს. საუბარია სკოლებზე, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის პროექტის“ ფარგლებში რემონტდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის თქმით, მერია სკოლებს აღნიშნულ მომსახურებას რემონტის პერიოდში გაუწევს.
მისივე თქმით, ტრანსპორტირებისათვის მოსწავლეებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.
“თანხას სრულად ანაზღაურებს ადგილობრივი ხელისუფლება. მერია მე 17-ე, 33-ე და 30-ე სკოლის 1800-მდე მოსწავლეს მოემსახურება,“ – განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.
“პროექტის ფარგლებში, იმერეთში 17 სკოლა გარემონტდება, სკოლების ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, ხოლო სასკოლო ინვენტარს სკოლებს ხელისუფლება შეუძენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.