“ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერებისა და გამგებლების კანდიდატების შესარჩევად შიდა გამოკითხვის ჩატარებას აპირებს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე, პარტია სოციალურ გამოკითხვას გეგმავს, მათ შორის ამომრჩეველთა აზრის გამოკითხვის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პარტიას ასეთი გამოცდილება და პრაქტიკა გააჩნია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მისთვის ცნობილი არ არის, რა იგეგმება საკუთრივ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
“ჩვენ სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარი დეპუტატები სწორედ გამოკითხვის საშუალებით შევარჩიეთ – შევაფასეთ მათი ცნობადობისა და პოპულარობის ხარისხის მიხედვით და გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით მივიღეთ. პარტიაში ამის პრაქტიკა არსებობს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.
არაოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნება” შიდაპარტიული კვლევის ჩატარებას ზურაბ ბიგვავას ორგანიზაციის მეშვეობით გეგმავს.
წყარო: ინტერპრესნიუსი