პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან SMK ხელშეკრულების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. პარტიის წევრების განცხადებით, SMK სამუშაოს უხარისხოდ ასრულებს, რის გამოც თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. პარტიის წევრები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„თურქულ კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულება და 24-საათიანი წყალმომარაგება კიდევ რამდენიმე წელი არ გვექნება. ნაცვლად იმისა, რომ დააჯარიმონ და ხელშეკრულება გაწყვიტონ, კვლავ აძლევენ თანხის არამიზნობრივი ხარჯვის უფლებას. მოვისმინეთ როგორი ბაქი-ბუქი ატეხა მერიამ SMK-სთან დაკავშირებით და როგორ დააჯარიმა, რომ ვადების დაცვა არ ხდება და უხარისხოდ კეთდება. ეს იყო უბრალოდ პიარი, რადგან ისევ გაუგრძელეს მათ ხელშეკრულება და თაღლითური სქემით აპირებენ ქალაქის გადათხრას და მილიონების მოტეხვას“, – აცხადებს პარტიის წევრი გოგი წულაია.
ბრალდებას არ ადასტურებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო დამატებით სამუშაოებით.
„არანაირიად არ მოხდება გზების დამატებით გადათხრა. ხელშეკრულების გაფორმებას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, დამატებითი უბნების დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, მუნიციპალიტეტის მომართვით, კორპუსების შიდა სისტემის მოწესრიგება ხდება, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ქუჩებზე სამუშაოების 95% თითქმის შესრულებულია. ასევე ტყუილია, თითქოს მილები უხარისხოა. ჩვენ სერთიფიცირებული მილების შემოტანას ვახდენთ“, – განაცხადა ზაზა სახარულიძემ.
მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები გასულ თვეში გაეზარდათ.