ოთხწლიანი ბრძოლა სკვერისთვის და მღვდლისთვის გადაცვლილი მიწის ნაკვეთი

750

ქუთაისში ცახელის ქუჩის მოსახლეობა ოთხი წელია მათ ეზოში არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ბოლო მიმართვა ადგილობრივებმა ქუთაისის მერიას ორი თვის წინ გაუგზავნეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ცახელის ქუჩის მცხოვრებლებმა სპორტული მოედნისა და დასასვენებელი სკვერის გადასარჩენად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2014 წელს ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა და ახალმა მესაკუთრემ მიწაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.

მოსახლეობის მიერ რამდენჯერმე მოწყობილი საპროტესტო აქციისა და ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, მერია იძულებული გახდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობა შეეჩერებინა.

ცახელის ქუჩის მოსახლეობას მაშინ დაპირდნენ, რომ მიწის ნაკვეთს სკვერის სტატუსს მიანიჭებდნენ და იქ მშენებლობას ვეღარავინ შეძლებდა, თუმცა, ოთხი წლის შემდეგ საკითხი კვლავ ღიაა, ადგილობრივები კი შიშობენ, რომ თუ ამ ადგილით ვინმე დაინტერესდება, მერია მშენებლობის ნებართვას კვლავ გასცემს.

გასხვისებული სპორტული მოედანი და მოსახლეობა მღვდლის წინააღმდეგ

ქუთაისში, ცახელის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედნის მიმდებარედ 881 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქს ეკონომიკის სამინისტროსგან 2008 წელს გადმოეცა. 2014 წელს კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ მისი გაყიდვის მიზნით, ტერიტორია სამ ნაწილად დაყო. აქედან 360 და 424 კვ.მ მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა და მხოლოდ 97 კვ.მ დაუტოვა სკვერს, სადაც ბავშვთა გასართობი ატრაქციონი მოეწყო.

აუქციონზე ორივე მიწის ნაკვეთი გაიყიდა. 360 კვ.მ-ის მფლობელი ომარ სანებლიძე, იგივე მამა გიორგი გახდა, ხოლო, 424 კვ.მ მამუკა კოხრეიძემ შეიძინა.

როგორც ირკვევა, აუქციონზე გასხვისებულ ტერიტორიაში სპორტული მოედნის ნაწილი მოექცა. ერთ-ერთი ადგილობრივი, დონარა კინწურაშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მღვდლის საკუთრებაში აღმოჩნდა, ადრე მოედანი იყო.

მოსახლეობის პროტესტის გამო, ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და მის მიერ აუქციონზე გაყიდული ქონება უკან დაიბრუნა. სანაცვლოდ კი მღვდელს (მამა გიორგი)  ცახელის ქუჩაზე ნაყიდი 360 კვ.მ მიწა ბუხაიძის ქუჩაზე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადაუცვალა. მღვდლისგან განსხვავებით, ტერიტორია შეინარჩუნა მამუკა კოხრეიძემ, თუმცა, მას ადგილზე ამ დრომდე არაფერი აუშენებია.

მამა გიორგი გარიგების სანაცვლოდ ბუხაიძის ქუჩაზე მიღებულ მიწის ნაკვეთზე, სახლს უკვე აშენებს.

მამა გიორგი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენის დროს არ იცოდა თუ სპორტული მოედნის ნაწილს ყიდულობდა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სპორტული მოედნის მიმდებარედ კერძო საკუთრებას ახლა მხოლოდ მამუკა კოხრეიძის მიწის ნაკვეთი წარმოადგენს, რასაც ვერ შეეხებიან, მამაოს ყოფილი ტერიტორიისთვის კი  სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი პროცედურების დაცვით განიხილება.